Xalxuri Leqsebi / ხალხური ლექსები

Xalxuri Leqsebi / ხალხური ლექსები



ძველი ხალხური ლექსები, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია და დღესაც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ხშირად გაიგებთ პოეზიის ამოძახილს ხალხური ლექსების სახით....


ვაჟკაცსა უნდა უყვარდეს

ვაჟკაცსა უნდა უყვარდეს
სამშობლო, თავის ერია,
არ შედრკეს, თუნდაც ბუზივით
ეხვიოს თავზე მტერია!

არ გადიწყვიტოს იმედი,
არ შეიცვალოს ფერია,
თორემ დაგმობს და დასწყევლის
მოძმე და მთელი ერია!

კიდევაც დაიზრდებიან

კიდევაც დაიზრდებიან
ალგეთს ლეკვები მგლისანი;
ისე არ ამოწყდებიან -
ჯავრი შესჭამონ მტრისანი.
თქვენი ჯერია, ბიჭებო,
ხელი დაიდოთ ხმალზედა,
თორემ ყორნები ძღებიან
წინაპართ ნაომარზედა.
ვაჟკაცნი, მთაში ნაზარდნი,
ომშიაც კი ნახვენ ლხინსა,
მტერსა მტრულად დახვდებიან,
მოკეთეს მოსჭამენ ჭირსა.

თამარ მეფე და ხონთქარი

თამარ მეფე და ხონთქარი
მაღალმა ღმერთმა წაჰკიდა,
ზღვაში ჩაუშვა ხომალდი,
ზედ ალმასები დაჰკიდა,
შიგ ჩასხა ქართველთ ლაშქარი
მრავალ წყალობას დაჰპირდა.

თხას უთხრეს

თხას უთხრეს: მგელი მამკვდარა!
თხამ ნავარდი ქნა, გაიქცა.
- თხაო, ნუ გაგხარებია,
განა სამგლეთი დაიქცა.
იმას რომ დარჩა ლეკვები,
ისინიც მგლებად მაიქცა.

შავლეგო

შავლეგ შენი შავი ჩოხა, შავლეგო,
სისხლში გაგიხამებია, შავლეგო,
ყაწიმები გიხდებოდა, შავლეგო,
მტერთან ბრძოლა გიხდებოდა, შავლეგო,
მაშველი არ გჭირდებოდა, შავლეგო,
შავლეგ, შენი შავი ჩოხა, შავლეგო.

სერზე მიდის სამი მგელი

სერზე მიდის სამი მგელი,
ტუჩმოკლე და კუდაგრძელი,
ერთმანეთს ეუბნებიან:
„ჭალას არის ლურჯა ცხენი,
ერთმა თავსა დავურბინოთ,
ორმა გავას გავკრათ ხელი,
პატრონს კაცი გავუგზავნოთ,
ნუღარ უნდა ბზე და ქერი.
მოდი, ნალები წაიღე,
წალდი გამოგივა მჭრელი,
ძუა-ფაფარი წაიღე,
საცერი დაგეწვნის სქელი.“



ეს არის პატარა ლექსები

* * *

ათასად კაცი დაფასდა,
ათიათასად ზრდილობა.
თუ კაცი თვითონ არ არის,
რას არგებს გვარიშვილობა.

* * *

არ გათეთრდება ყორანი,
რაც უნდა ხეხო ქვიშითა.
მტერნი არ შეგვიბრალებენ
ტირილითა და ვიშითა.

* * *

ეკლის ადგილზე ამოსვლა
ეკლისა არის წესია
მოხუცი მომკის იმასვე,
რაც სიყრმით დაუთესია.

* * *

კარგი ვარ, იმას ნუ იტყვი,
თავს ნუ დაუწყებ ქებასა,
კარგი ჩვენც მოგვეწონება,
ცუდი, არც თავის დედასა.
* * *

წუთისოფელი ასეა, -
ღამე დღეს უთენებია,
რაც მტრობას დაუქცევია -
სიყვარულს უშენებია.

* * *

წუთისოფლის სტუმრები ვართ,
ჩვენ რო წავალთ, სხვა დარჩება,
რასაც ვაამებთ ურთიერთს,
იმის მეტი რა შაგვრჩება?
სამი ადლი ტილოს მეტი,
სამარეში რა ჩაგვყვება?

*****

შაიკვრის შავი ღრუბელი,

საწვიმრად გაემართება.

გულს რო ვარამი ეხვევა.

რა კარგი დაემართება?!



ტიალო, წუთისოფელო,

ტიალო, წუთისოფელო,

ნახვას არ გვაცლი მზისასა!

ჩვენც ისე დავიხოცებით,

როგორცა ვხედავთ სხვისასა,

რა ბევრი ჩამოუშლია

ამ სატიალე მიწასა!

კაცნი ვართ, მაინც ვილხინოთ,

გულს ნუ ვახარებთ მტრისასა.



******


სოფელს რა მხარეც უნახე,

სუყველა მხარე ჭრელია,

ძმაცა ვცან და ძმობილიცა,

ფეხქვეშ მიწისა მთხრელია,

სადაც მოკეთე მეგონა,

სულ ყველა ჩემი მტერია;

ეს ამისთანა სიცოცხლე,

აბა, რა სანატრელია,

ნუ დაენდობი სოფელსა,

სოფელი ჭრელი გველია.



*****

ნეტავ არ ჩაედებოდეს

ფოლადის გული სხეულსა,

მალე მოჰკლავდა სიკვდილი,

არ დასტანჯავდა სნეულსა.

მადლია ცივი სამარე,

დაასვენებდა ეულსა,

დაეშვებოდა პირიდან

ამ წუთისოფელს წყეულსა.

ათასნაირად მტანჯველსა,

სიტკბო-სიმწარით რეულსა,

ფლიდია წუთისოფელი,

დაუგმავ ყველა გრძნეულსა.

მიწაა ჩვენი მფარველი,

დედას ვადარებთ ხვეულსა,

გულ-მკერდში ჩაკონებულსა,

შვილზე ხელ გადახვეულსა,

სუყველას გულში ჩაიკრავს:

უვარგისსა და რჩეულსა,

უალერსოს და უღონოს,

მკერში სისხლ გამოლეულსა.

თუ საიქიო არ უჯობს

ამ წუთისოფელს წყეულსა,

ერთს მაინც ვისმე ნახავდით

იქიდან გამოქცეულსა.


მსგავსი სიახლეები:
  • andaza / ანდაზა
  • sarvamarto leqsebi / სარვამარტო ლექსები
  • Leqsebi Siyvarulze / ლექსები სიყვარულზე
  • Saaxalwlo Leqsebi / საახალწლო ლექსები
  • Sasacilo Leqsebi / სასაცილო ლექსები
  • რეკლამა

    თქვენთვის საინტერესო
    Sabavshvo Saitebi / საბავშვო საიტები


    როგორ გავამხიარულოთ პატარა ? როგორ დავიცვათ მავნე და დიდებისთვის განკუთვნილი საიტების ზემოქმედებისგან როდესაც ბავშვი კომპიუტერთან ჯდება? ან უბრალოდ საბავშვო საიტები გაინტერესებთ? ეძებთ როგორ გაართოთ თქვენი პატარა კომპიუტერთან ? ამ სტატიაში ნახავთ საბავშვო საიტების მისამართებს...
    Axali Statusebi 2014 / ახალი სტატუსები 2014


    ახალი და სასაცილო სტატუსები , ყველა თემაზე , განსაკუთრებით სიყვარულზე
    პოპულარული
      გამოკითხვა
      რეკლამა