Nodar Dumbadze - brdznuli gamonatqvamebi / ნოდარ დუმბაძე – ბრძნული გამონათქვამები » DAIKIDE.NET Leqsebi|Tortebi|kabebiSabavshvo|Qartuli
Nodar Dumbadze - brdznuli gamonatqvamebi / ნოდარ დუმბაძე – ბრძნული გამონათქვამები

Nodar Dumbadze - brdznuli gamonatqvamebi / ნოდარ დუმბაძე – ბრძნული გამონათქვამები



ნოდარ დუმბაძის აზრები, ნაწარმოებებიდან ამოღებული ბრძნული ციტატები , რომელიც ამ გენიოსმა მწერალმა დაუტოვა შთამომავლობას



საქართველო ძალიან ლამაზ და ჯიშიან ბედაურსა ჰგავს, ოქროს უნაგირით შეკაზმულ ბედაურს. თან ისე ლამაზ მდელოზე და გამოსაჩენ ადგილასაა დაბმული, ყველას უნდა შეაჯდეს, ლაგამი ამოსდოს და სარდლის ყიჟინით და ვაშას ძახილით გააჭენ-გამოაჭენოს, მაგრამ, მადლობა ღმერთს, თვითონ არის ისეთი ფაქიზი და ფეთიანი, ყველა ნაძირალას არ იჯენს ზურგზე. მხოლოდ ღირსეულებს თუ შეიჯენს ხოლმე და იმათაც თუ დაკარგეს ზომიერების გრძნობა. იმათაც გადმოაგდებს და ძირს დაანარცხებს. ბევრი მინახავს ასეთი.

საოცარი ფრინველია მერცხალი. ერთიც, რომ იყოს, ცა სავსეა. ასევეა არწივიც, ოღონდ არწივი იპყრობს ცას იდუმალებით, მერცხალი კი- სიხალისით. ეს, რომ ასეა, ამას ისიც ამტკიცებს: თოვლის მოსვლის წინ ცა თითქოს სავსეა ჭილყვავებით და მაინც უსაშველოდ ცარიელია.

ცხოვრება მესაათის ბუდრუგანას ჰგავს. ჩვენ, ადამიანები მის ვიტრინაში გამოფენილ შესაკეთებელ, სხვადასხვა ფირმის, ჯურის, ფორმის, ზომის, წონის და მექანიზმის მქონე საათებს... ზოგი მათგანი უზომოდ გაცვეთილია და მოშლილია სამუდამოდ. ზოგი წინ გარბის, ზოგი უკან რჩება, ზოგს ზამბარა აქვს გაწყვეტილი... ზოგს რა სჭირდება და ზოგს რა. ზოგი რა დეტალის გამოცვლას საჭიროებს და ზოგი რისას. ერთ მარადიულ უზარმაზარ უზომო ჟამში, ღვთაებაში გაჩერებულია თუ წიკწიკებს თითოეული ჩვენთაგანი ვითარცა ჟამთა აღმწერელი და აღმნუსხველი. მესაათე კი ვითარცა ღვთაება ზის, ხელისგულზე უდევს ჩვენი ერთი ციცქნა სხეული. უზარმაზარი ღვთიური თვალით- გამადიდებელი შუშით გვათვალიერებს დიდხანს. ხანდახან არც თუ ისე დიდხანს, ხანდახან უბრალოდ დაგვხედავს და თუ სთქვა- ამას აღარაფერი ეშველებაო- და გვერდზე გადასდო, გათავებულია ჩვენი საქმე.

ისე ეშინოდა სიბერის, რომ სიამოვნებით მოჰკურცხლავდა ბავშვობისაკენ, მაგრამ საუბედუროდ, ბავშვობა არ ჰქონდა, და რაც მთავარია, ეს შეუძლებელი იყო, ამიტომ იდგა, ელოდა და კანკალებდა.

მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.

მე მგონი, მზე ზეცის ვეება ტრამალზე ანთებული კოცონია, ხოლო მის გარშემო მბრუნავი პლანეტები- ცდომილები შვიდი ცდომილი, ალბათ, თავისი თანამგზავრებით ცის ის ბინადარნი- რომლებიც ხელს და სულს ითბობენ ამ მაცოცხლებელი ცეცხლის გარშემო. დროდადრო შორდებიან, მერე კვლავ უახლოვდებიან და ასე შემდეგ... ვაი იმ ცდომილს, რომელიც ამ კოცონს საერთოდ გაშორდება.

საოცარია ხელოვნება- მხოლოდ მას შეუძლია მოითმინოს და შეიფაროს სულით ავადმყოფთა მრავალმილიონიანი არმია, კაცობრიობის თითქმის მესამედი. განა სხვა რომელიმე პროფესიას აქვს ამის უნარი, არა, იგი ნორმიდან ერთი სანტიმეტრით, ერთი გრადუსით გადახრილ ადამიანსაც კი ვერ ითმენს. ხელოვნება და პოლიტიკა კი მთელი 180 გრადუსით გადახრილ ადამიანებს ხშირად გენიოსის შარავანდედით ამკობს და თაყვანს სცემს. აი, რა არის ხელოვნება- გარდა ჭეშმარიტი ტალანტებისა, სულით ავადმყოფთა თავშესაფარიც არის. რატომ? მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანის სულიერი ცხოვრების სამყაროს მიეკუთვნება და არა მატერიალურს.

დიდი ხნის წინ მოვიკლავდი ბატონო თავს, მაგრამ არ მინდა მკვლელი გავხდე, თანაც ისეთი უდანაშაულო ადამიანისა, როგორიც მე ვარ. ძნელია ჩემნაირი კაცის სისხლი და ცოდვა ედოს კაცს კისერზე. ხანდახან იმასაც ვფიქრობ, ასეთ ნაძირალაზე როგორ გავისვარო ხელი-მეთქი.

ღმერთმა მოქანდაკეს ტალახიდან ადამიანის კეთება კი ასწავლა, მაგრამ სულის შთაბერვა არ ასწავლა. ეგეც რომ ესწავლებინა, ადამიანი ღმერთს აღარ იწამებდა.

ხანდახან უცნაური გრძნობა შემიპყრობს- მინდა ისეთი ერის პატარა შვილი ვიყო, დამოუკიდებლობის პრეტენზია არ მქონდეს, ხოლო სხვას- ჩემი ქვეყნის დაპყრობის სურვილი. ო, რა ბედნიერი იქნებოდა ასეთი ყოფნა!

დაბადება- თავისთავად არის უსაზღვრო ლტოლვა თავისუფლებისაკენ და სინათლისაკენ და რა ძნელია და მტკივნეული ეს პროცესი, მხოლოდ მშობიარე ქალმა იცის. ჩვენ ხშირად ვხვდებით ამ პროცესის მოწმენი, მაგრამ ამაზე არასოდეს გვიფიქრია.

- ლასა მოკვდა, წადი ნახე ბიჭო! მივედი, ვნახე, ლასა ცოცხალი დამხვდა. ერთად წავედით კირილეს სამძიმარზე. ასე განმეორდა ბევრჯერ... ას წელს იცოცხლა ლასამ.

კახეთში ვიყავი, ჭავჭავაძეების მამულში. ფრანგი ტურისტები შემოვიდნენ. ქალები ახლდნენ ფრანგებს გრაციოზულნი, ნარნარნი და ჰაეროვანნი. საღამოს ბანკეტზე დათვრნენ საცოდავები და ქართველის გაგებით "უზნეოდ" იქცეოდნენ, კოცნიდნენ გლეხებს. აივანზე გამოვედი. ერთი შეზარხოშებული კახელი ელაზღანდარებოდა მეორეს. - თედო, ერთი მაგ მადმუაზელსა მანდ მიაზილე!!!- თან ქირქილებდა. ღმერთო, როგორ მიყვარან ეგ კახელები, რა გულუბრყვილო, პირდაპირი და განსაცვიფრებელი იუმორი აქვთ.

ჩემში ეჭვს იწვევს- ღირს თუ არა იმის გამო ტირილი, რაც სულერთია ახლა აღარ იქნებოდა. ეს მახსოვრობის ყველაზე დიდი მანკიერი მხარეა. ნეტა ვინ მოიგონა? - რომ არ მომკვდარიყო, ახლა გენერალი იქნებოდაო.- ან- რომ არ მოეკლათ, ლეიტენანტი კი არა, ახლა გენერალი იქნებოდაო. კაციშვილმა არ იცის, რომ არ მოეკლათ, იქნებ ის ლეიტენანტობაც ჩამოერთმიათ. ვინ იცის?

ჰო, ადამიანი მაღაროში, მიწის ქვეშ ისე ცხოვრობს, როგორც თავისი დედის საშოში. როცა შეეჩვევა, იქ ძალიან თბილა და მყუდროებაა.

- რატომ დაინგრა ბაბილონის გოდოლი? - იმიტომ რომ, მისი მშენებლები ყველა გამვლელ-გამომვლელის რჩევა-დარიგებას უგდებდნენ ყურს.

- აუ რამდენი დრო მაქვს გაფლანგული, ბუღალტერი, რომ ვიყო და რევიზია, რომ დამეცეს, ალბათ, დახვრეტას მომისჯიდნენ. - გამორთეთ სიბნელე!!!

"პრავადნიკმა" ქალმა ბუასილის წამალი მასწავლა: - რა ვქნა, სხვა არაფერი არ ვიციო.

ომის შეწყვეტა და მშვიდობის დამყარება მხოლოდ იმას ძალუძს, ვისაც ომის დაწყება ძალუძს.

შინაური კახური ღორი თავისი გრძელი დინგით, ყალყზე შემდგარი ჯაგრით, სიჭრელით და ვაზის საცეცივით დაგრეხილი კუდით ისე ძალიან ჰგავს გარეულ ღორს, რომ შინაურობას მხოლოდ იმით მიხვდები, რომ, როდესაც მიუახლოვდები, ჩვეულებრივი ნადირივით არ გაგექცევა, ისე თავზე კი შეიძლება დაგესხას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ახლად დაყრილი გოჭები ჰყავს, და იმ გოჭებს მიფერება დაუპირე ან უდიერად მოექეცი. ამ მიზეზით რამდენ ბრაკონიერს უმართლებია თავი მონკავშირშიც და სასამართლოშიც. - რა ვქნა კაცო, გარეული მეგონაო. ცივგომბორს, რომ გადაივლი და თელავისკენ დაეშვები, ვიდრე თელავში შეხვალ, მდინარე შეგხვდება პატარა, "მღვრიე" ჰქვია. მე რამდენჯერაც ვნახე ეს მდინარე, იმდენად დაწმენდილი და ანკარა იყო, სიამოვნებით დავლიე კიდევაც და დღემდე არ ვიცი, რატომ ჰქია "მღვრიე". კახელი კაცის ბუნება ამაშიც სჩანს. ნახა და "მღვრიე" შეარქვა. შეარქვა და აღარ გადაარქვა. სწორედ ამ მდინარეს "მღვრიეს" ჭალაში გავიცანი კახური ღორი, რომლის შესახებაც ახლა ამბის მოყოლას ვაპირებ... /აქ წყდება ჩანაწერი/

"ზარია ვოსტოკას" დერეფანში ვნახე გამოკრული ცხრილი ჭადრაკის პირველობისა. ტურნირში 15 კაცი მონაწილეობდა. მათ შორის იყო რედაქტორი ჩხიკვიშვილიც. საინტერესო ის იყო, რომ რედაქტორის გარდა, ყველას ჰქონდა წაგება ან ფრე.

იმდენი იძახა იმ მამაძაღლმა ბოლშევიკმა "ნაპერწკლიდან ცეცხლი აინთებაო", სანამ არ აუხდა.

სამგლოვიარო გვირგვინზე ასეთი წარწერა გაეკეთებინათ: "ძვირფას და დაუვიწყარ აგრაფინას ნინოშვილის ქუჩის ქალებისაგან".

სავარაუდოა, რომ შოთას შუბი და ფარ-შიმშერი ხატოვნად აქვს ნათქვამი და იგი სამეფო ხმალს, ძალაუფლებას, მეფის სტატუსს ნიშნავს გადატანითი მნიშვნელობით. რაღა თქმა უნდა, როდესაც თამარი თავის ქმარს სალაშქროდ უშვებდა, თავის უზენაეს, შეუზღუდველ უფლებებსაც ანიჭებდა მრძოლის დროს, რადგან თვითონ არ შეეძლო, როგორც მეფეს, ბრძოლაში მონაწილეობა. ამრიგად სტროფი: ვის შვენის,- ლომსა,- ხმარება შუბისა, ფარ-შიმშერისა,- მეფისა მზის თამარისა... იმას კი არ ნიშნავს, რომ დავით სოსლანი მეფე თამარის ლომია და ფარ-შიმშერის ხმარება შვენის, არამედ იმას, რომ ლომს ანუ დავით სოსლანს თავის ფარ-შიმშერის ანუ სამეფო საჭურვლის, საჭურვლისა, რომელიც მეფის ძალაუფლებას გამოხატავს, იმ საჭურვლის ხმარება შვენის. შოთასაც ხომ ასე უწერია ყოველგვარი ჩართული წინადადებების გარეშე, მარტივად და გასაგებად.

არაფერი არასდროს ისე სამარცხვინოდ და თავისმომჭრელად არ ითვლებოდა სქართველოში, როგორც უპატიოსნება და ქურდობა. მარტო ის რად ღირს, რომ ქურდს მეგრულად მახინჯი ჰქვია და ეს მახინჯი საქართველოში ერთიც, რომ იყოს, მაინც უნდა გადაშენდეს, რამეთუ ქართული ანდაზა ღაღადებს: "ას მშენებელს ერთი მნგრეველი აუთავდებაო".

ერი და ერისკაცი ერთმანეთს ჰგვანანი, ისინი ერთმანეთს ავსებენ და აცოცხლებენ.

უკან ჩამორჩენილი მწერალი წინ მიმავალ ხალხს ვერაფერ სულიერ საზრდოს ვერ მიაწვდის. არაფერს ზებუნებრივსა და არარსებულს მწერლობა არ ქმნის. მწერლობა ხალხის წიაღში ეძებს განძს დღენიადაგ, პოულობს მას და შემდეგ ხალხსავე უბრუნებს მხატვრულ ფორმაში მისსავე სიბრძნეს და სიკეთეს. ხალხის სულიერი აღზრდა, სულის სისპეტაკე და სიწმინდე ბევრად არის დამოუკიდებელი მწერლობაზე. ჩვენ, მწერლებს, არანაკლები ზრუნვა მოგვიწევს საკუთარი სულის სიწმინდისა და სისპეტაკის სრულყოფისათვის. ამ ბოლო დროს ერთობ მომრავლდა, ეგერთ წოდებული, დოკუმენტური პროზა და სიმართლეს ამოფარებული ლიტერატურული წუნი. მკითხველმა უნდა იცოდეს, რომ ყველა სიმართლე და მართალი ამბავი ლიტერატურა როდია. სიმართლემ და ამბავმა, ვიდრე იგი ლიტერატურად იქცეოდეს, ისეთივე დიდი და მძიმე გზა უნდა გაიაროს, როგორიც იყო გზა გოლგოთისაკენ... მწერლობა სიმინდის ყანა არაა, შიგ რომ შეხვიდე, გლახა მოვჭრათ და მხოლოდ კარგი დავტოვოთ. იმ მიწაზე, რომელზეც ცუდი ბალახი არ ამოდის, კარგიც არ იხარებს. მწერლობა უფრო მსხმოიარე ხესა ჰგავს, რომელზედაც მებაღე მკვაზე ნაყოფს დამწიფებას არ აცლის, მწიფეს ჰკრეფს, დამპალი კი ცვივა და ნეშომპალად იქცევა.

დედამიწა ის სულელი სახედარი როდია, იმდენი აიკიდოს, რამდენსაც ვერ ზიდავს. არც ის ხეა, იმდენი მოისხას, რომ ტოტები დაემსხვრეს. დედამიწა კანიბალია, იგი თვისივე სხეულით იკვებება. რუსები ამას "самоложирание"-ს უწოდებენ. პარადოქსი ის არის, რომ ეს კანიბალი კი არ ხდება, სუქდება.

გიჟუასთან საუბარი: - სდრავსტვუი, ბრატ. შენი წიგნები წავიკითხე. სპასიბო. ქურდობას თავი დავანებე. - გამოსწორდი? - არა, იუზგარ. 68 წლისა ვარ და ვეღარ გავრბივარ.

- დაფიქრდი მაინც ბიჭო, რას ამბობ. ხომ არ შეიძლება იმაზე მეტი მოგცე, რაც აგურში მივეცი! - მაშ ექიმი რომ მოგყავს, იმაზე მეტს არ აძლევ, წამალი რომ ღირს?!

- რა ვიცი, ბატონო, რაფერ ჩავვარდი პლენად. საჯავახოში სამხედრო კომისარმა ევგენია კუტუბიძემ, რომ ჩამსვა ვაგონში, მერე გერმანელმა გამიღო კარი.

"მაქვს მკერდს მიდებული ქნარი როგორც მინდა"- მთელი კაცობრიობის შემოქმედთა ოცნებაა გამოთქმული ამ ორ სტრიქონში, ლექსში კი- განხორციელებული.

ილიკო მეველე:- ცხენიდან, რომ ჩამოვედი, ცხენი გამექცა და ძროხა როგორ დამეჭირაო? ლასარიას თხა მოხსნა ღობეზე და კანტორაზე აიყვანა. რატომ დაიჭირეო და კანტორაზე მივდიოდი და ცარიელი ხომ არ ავიდოდიო?

კაცობრიობას ჰგონია, რომ მან რაღაცა უკვე ააშენა- სინამდვილეში ჯერ არაფერიც არ აუშენებია- იგი მხოლოდ აშენებს საძირკველს რაღაც გრანდიოზულისათვის, თვითონაც, რომ წარმოდგენა არა აქვს.

წლოვანება, 10 წელი, დაიკლო ეფროსინემ გათხოვებისას. ახალი საპენსიო კანონის დროს ახტა, პენსიას მივიღებო, მაგრამ ვერ მიართვეს.

ციხის "ვალჩოკში" ქერა თვალიც შავი ჩანს, ამიტომ ისეთი შთაბეჭდილებაა, თითქოს სულ ერთი თვალი გიყურებს. ერთი, ღამესავით შავი და ბოროტი თვალი.

რომ დამაგვიანდება და მილიციაში, საავადმყოფოში და საგიჟეთში რეკავ, ერთხელ საჯაროში ან აკადემიაში დარეკე, იქნებ იქა ვარ.

ყველაზე მეტი ენა მსოფლიოში ღმერთმა იცის. ყველას თავის ენაზე ელაპარაკება. ყველა გლახა იესო ქრისტე არ არის.

- როგორ ცხოვრობ ბიჭო, სამ ცოლს რომ ალიმენტს უხდი? - ჩემს ცოლს შემოაქვს ალიმენტი 4 ქმრისაგან და იოლად გავდივართ.

კჩვენ ხშირად გვეშინია სიტყვა გენიოსის ხმარებისას. საშიში არაფერია, იგი ასეა განმარტებული ლექსიკონში: "უდიდესი შემოქმედებითი ნიჭის მატარებელი ადამიანი". საშიში მხოლოდ ის არის, რომ ეს განმარტება ვიდრე უღირს ადამიანს არ მივუსადაგოთ, თორემ ნიკო ლორთქიფანიძის მიმართ ეს განმარტება იმდენად ბუნებრივია და სისხლხორცეული, რომ ხანდახან გვიკვირს კიდეც, ნუთუ ეს არ იცოდნენ მისმა თანამედროვეებმა, ნუთუ თავიდანვე ვერ გრძნობდნენ ამას! შესაშური ბიოგრაფია აქვს ნიკო ლორთქიფანიძეს. გაიხსენეთ, რომელი მწერლის ბიოგრაფიას ამშვენებს საქართველოში, და თუნდაც მის გარეთ, ორი დუელი, არა პირადი ღირსების, არამედ სამშობლოს, ერის წმინდა სახელისა და ღირსების დასაცავად.


დიდი ხნის წინ მოვიკლავდი ბატონო თავს, მაგრამ არ მინდა მკვლელი გავხდე, თანაც ისეთი უდანაშაულო ადამიანისა, როგორიც მე ვარ. ძნელია ჩემნაირი კაცის სისხლი და ცოდვა ედოს კაცს კისერზე. ხანდახან იმასაც ვფიქრობ, ასეთ ნაძირალაზე როგორ გავისვარო ხელი-მეთქი.

ღმერთმა მოქანდაკეს ტალახიდან ადამიანის კეთება კი ასწავლა, მაგრამ სულის შთაბერვა არ ასწავლა. ეგეც რომ ესწავლებინა, ადამიანი ღმერთს აღარ იწამებდა.

ხანდახან უცნაური გრძნობა შემიპყრობს- მინდა ისეთი ერის პატარა შვილი ვიყო, დამოუკიდებლობის პრეტენზია არ მქონდეს, ხოლო სხვას- ჩემი ქვეყნის დაპყრობის სურვილი. ო, რა ბედნიერი იქნებოდა ასეთი ყოფნა!

დაბადება- თავისთავად არის უსაზღვრო ლტოლვა თავისუფლებისაკენ და სინათლისაკენ და რა ძნელია და მტკივნეული ეს პროცეს+


მსგავსი სიახლეები:
  • Brdznuli Azrebi / ბრძნული აზრები
  • Bevri Statusi / ბევრი სტატუსი
  • Statusebi Siyvarulze / სტატუსები სიყვარულზე
  • Citatebi - oskar uaildi / ციტატები – ოსკარ უაილდი
  • Brznuli Gamonatqvamebi / ბრძნული გამონათქვამები
  • ყიდვა გაყიდვა >
    რეკლამა
    თქვენთვის საინტერესო
    Sabavshvo Saitebi / საბავშვო საიტები


    როგორ გავამხიარულოთ პატარა ? როგორ დავიცვათ მავნე და დიდებისთვის განკუთვნილი საიტების ზემოქმედებისგან როდესაც ბავშვი კომპიუტერთან ჯდება? ან უბრალოდ საბავშვო საიტები გაინტერესებთ? ეძებთ როგორ გაართოთ თქვენი პატარა კომპიუტერთან ? ამ სტატიაში ნახავთ საბავშვო საიტების მისამართებს...
    Axali Statusebi 2014 / ახალი სტატუსები 2014


    ახალი და სასაცილო სტატუსები , ყველა თემაზე , განსაკუთრებით სიყვარულზე
    პოპულარული
      გამოკითხვა
      რეკლამა