Murman lebanidze - leqsebi / მურმან ლებანიძე – ლექსები

Murman lebanidze - leqsebi / მურმან ლებანიძე – ლექსები



მურმან ლებანიძის რამდენიმე ცნობილი ლექსი. ძალიან პატრიოტული, გულში ჩამწვდომი და პოეტური

***
უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი
არა დაღვრილის - დასაღვრელის, ალბათ, მაცნეა,
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი
არ გამაჩნია!

მე დავინახე სვეტიცხოვლის თორმეტი სვეტი,
თოთხმეტი ციხე ზეგნებიდან ლაჟვარდს გასჩრია,
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი
არ გამაჩნია!

მშვენიერია ორ-ზღვას-შუა კავკასის ხედი
და კითხვა: ,,ვინ ვის?'' ბებერ გულში ლახვრად მაჩნია,
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი,
არავითარი სხვა გზა, სხვა ხსნა
არ გამაჩნია!


***

ხარ დიდი სანდრო ბოტიჩელის
მადონა ნორჩი,
ამიმხედრდება
შენი ერთი დანახვით სისხლი,
დ მერე, როცა
გვერდზე წახრილს ბეჭებში გკოცნი
ხოლო შენ მორცხვად
შენს ათასგვარ ღილაკებს იხსნი,
განუზომელი
ნეტარების
მოლოდინით მევსება ხორცი...

ო, უტკბილესო!
ტიტანური შთამბერე ძალი!
მინდა დაგწვდე და
აგიტაცო უეცრად ცაში,
მინდა ვიყვირო:
-"საოცრება! შეხედეთ! ქალი!"-
მაგრამ ბნელდება
და ხორხოცით, გრგვინვით და ტაშით
მიეჩქარება
უფსკრულებში
დამსხვრული ხორცი და ძვალი.

***

სადაც ჩაღრმავდები,
ყველგან ზოდებია,
ყველგან ხელთუქმნელი
ბაჯაღლო ზოდები.
მაგრამ რაღა დროის! -
სიბერის კორდებია,
სიკვდილის კორდებია,
მივალ და გშორდები.

მინდოდა ქართველი
თორმეტი მილიონი,
სულ ათი-თორმეტი
მინდოდა მენახა -
არაგვის სიარაგვე,
რიონის სირიონე
და მიწა გაშლილი
მსოფლიო ვენახად...

სადაც ჩაღრმავდები,
ყველგან საშველია,
რა ხსნა, რა გზებია,
რამდენი საშველი!
მაგრამ რაღა დროის!
ორი დღე დამრჩენია,
ტირილით მივიმღერი,
მივდივარ თვალსველი.

***
გალაკტიონი
ტიციანთან ყოფილა უბრად,
ტიციანს
თავის პოეტებში ჰქონია სუფრა,
და იჯდა თურმე
ჩვენი დენდი საერთო ჯამთან -
უხორცო იყო,
ცოტას სვამდა და ცოტას ჭამდა,
გალაკტიონი
შემოსულა დუქანში იმ დროს,
მარტო დამჯდარა,
მარტოსული, და უთქვამს მარტოს:
არ მიუხმია
ის ტიციანს, არა და არა,
და ასე უბრად,
უხერხულად კარგა ხანს მსხდარან.
უცებ...(მახლობლად
პურს ნაჭამა რეგვნების ჯგუფი)
გალაკტიონთან
ერთ - ერთ რეგვენს მოსვლია ჩხუბი;
პოეტი მეფე
ვერც მიმხვდარა რატომ და რისთვის, -
უკადრებია
რეგვენს სიტყვა რეგვნული მისთვის...
აჰფეთქებია
აქ ტიციანს უეცრად დენთი,
წამოვარდნილა
ცვენი ლორდი და ჩვენი დენდი,
დაუდგამს ჭიქა,
შეუხსნია კისერზე ბანტი
და უხეთქია
რეგვნულ შუბლში რეგვნისთვის კვარტი.
და დარევიან
პოეტები ერთპირად რეგვნებს
და ჭახაჭუხი
შესდგომიათ ბოთლებს და ნეკნებს;
და როცა ჩვენი
ლომკაცები ბრძოლით დამძღარან,
დაუფრენიათ
თხებივით და ომი დამცხრალა,
"ტიტე, ძამიკო!"
შეშლილივით აყვირებულა
გალაკტიონი
და ორთავე ატირებულა...
ორპირის ფშანზე
გაზრდილ ბიჭებს უეცრად გული
ამოსჯდომიათ,
ხვევნა - კოცნა შექმნილა ძმური:
გადმოსცვენია
შვების ცრემლი ტიციანს მისით.
რაც ექნებოდათ
სამდურავი, იციან, ვიცით!
დიდი ბავშვები!
ამდგარან და დამსხდარან ერთად
და პოეზია
უთქვამთ პირველ საერთო ღმერთად.
პაოლოს გარდა
ამ საქმეში ყოფილა გოგლა,
ყოფილა სმა და
გადარევა ყოფილა ოხრად.
ეს ყველაფერი
მე მიამბო "არაგვში" გალამ
და, თუ ვუმატებ,
ანუ ვაკლებ, ან რამეს ვმალავ,
არამი იყოს
ის წარწერა: "სულით და გულით!"
იქ, იმ სარდაფში
მიღებული ღვინო და პური!
გული გულს იცნობს
ღონე ღონეს, მარჯვენი მარჯვენს...
ლეგენდად დარჩეს,
მეგობრებო, ლეგენდად დარჩეს!


***

მეტეხის კლდეში სწერია
ოთხი სტრიქონი ბრწყინვალე:
- რა უფრო მშვენიერია:
დიაცი - უბემჩინარე,
თმადათოვლილი მოხუცი,
ჩვილი - აკვნიდან მცინარე,
ვაჟკაცი - ომში გასული,
მამულისათვის მძვინვარე,
თუ უკვე შუბლგაჩეხილი -
გაუღვიძებლად მძინარე?!

***

"თუ ქალის მკერდზე არ დამხობილხარ
თუ ძუძუს თავზე არ გიკბენია
თუ ქალი ოთხად არ მოგიკეცავს
რა გიგემია...

თუ თბილ თითებით თმებს არ უფურჩქნი
თუ ქალის კვნესა ყურთ არ გსმენია,
ქალს ფეხებამდე თუ არ გალოკავ
სხვა უკეთესი რა გიგემია...

თუ ხშირ სუნთქვაში შვებას არა გრძნობ
თუ გრძნობით ოფლი არ გიდენია
ღამე ჩურჩულში თუ არ დაგიწვავს,
სხვა უკეთესი რა გიგემია...

ხომ არ გგონია, შენთვის არ მოთოვს
შენთვის სიკვდილი კარზე არ მოვა
...
...

და ერთი წუთით მოსულს ამქვეყნად
წუთები უღვთოდ მოგეჩვენება
ჩაგიკრავს გულში ღვთიური ლოცვა
სთქვი, რომ ამ ქვეყნად არ გიცხოვრია..."


და ბოლოს გთავაზობთ მურმან ლებანიძის ლექსის "ჩემო ფრთანათელო"–ს აუდიო ვერსიას. კითხულობს გოგი ხარაბაძე




მსგავსი სიახლეები:
  • Leqsebi Tbilisze / ლექსები თბილისზე
  • sarvamarto leqsebi / სარვამარტო ლექსები
  • Sasiyvarulo mesijebi / სასიყვარულო მესიჯები
  • Leksebi / ლექსები
  • Sevdiani Leqsebi / სევდიანი ლექსები
  • Statusebi Siyvarulze / სტატუსები სიყვარულზე
  • Romantiuli Mesijebi / რომანტიული მესიჯები
  • Rchevebi Qals Kacisgan / რჩევები ქალს კაცისგან
  • რეკლამა

    თქვენთვის საინტერესო
    Sabavshvo Saitebi / საბავშვო საიტები


    როგორ გავამხიარულოთ პატარა ? როგორ დავიცვათ მავნე და დიდებისთვის განკუთვნილი საიტების ზემოქმედებისგან როდესაც ბავშვი კომპიუტერთან ჯდება? ან უბრალოდ საბავშვო საიტები გაინტერესებთ? ეძებთ როგორ გაართოთ თქვენი პატარა კომპიუტერთან ? ამ სტატიაში ნახავთ საბავშვო საიტების მისამართებს...
    Axali Statusebi 2014 / ახალი სტატუსები 2014


    ახალი და სასაცილო სტატუსები , ყველა თემაზე , განსაკუთრებით სიყვარულზე
    პოპულარული
      გამოკითხვა
      რეკლამა